RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რა ელის საქართველოს მომავალ წელს: კრიზისი, არჩევნები თუ რევოლუცია?

04.01.2009  |  10:00

2/2/0/1220.jpeg2008 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. ის დაიწყო წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით და პრეზიდენტის არჩევნებით, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა ერთმნიშვნელოვნად ფალსიფიცირებულად მონათლა, მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.

არჩევნებს ოპოზიციის საპროტესტო აქციები მოჰყვა, მართალია, არა ისეთი მასშტაბური და რადიკალური, როგორც 2007 წლის ნოემბერში. საზოგადოებაც, რომელიც დაიღალა კატეგორიული განცხადებებითა და გამოსვლებით, რომლებსაც როგორც წესი, საქმე არ მოსდევს, მიტინგზე შეკრების მოწოდებას უკვე უხალისოდ გამოეხმაურა. პლუს ამას, ყველას კარგად ახსოვდა, ხელისუფლებას როგორ შეუძლია გაუგონრებს გაუსწორდეს: ყველას დაამახსოვრდა მხუთავი ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები და წყლისსატყორცნი მანქანებიდან გამოფრქვეული ცივი წყლის ჭავლი.

საპრეზიდენტო არჩევნების ვნებათაღელვა ჯერ არ იყო ჩამცხრალი, ქვეყანამ კი უკვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყო მზადება და კვლავ გააქტიურდა ოპოზიცია, რომელსაც ამჯერად საკუთარი პოზიციის გამოსახატავად ერთადერთი ტრიბუნა დარჩა- პატარა და თბილისის ფარგლებში მაუწყებელი ტელეკომპანია - „კავკასია". მართალია საერთაშორისო თანამეგობრობა ღიად ადანაშაულებდა საქარველოს ხელისუფლებას თავისუფალი მასმედიის არ არსებობაში, მიუხედავად ამისა მათ არც კი, უცდიათ შეერბილებინათ და შეეცვალათ მთელს ქვეყანაზე მაუწყებელი ძირითადი საინფორმაციო საშუალებების საინფორმაციო პოლიტიკა. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციური პარტიების ძირითადმა ნაწილმა გაყალბებულად და არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მათ უარი თქვეს პარლამენტში მუშაობაზე.მითუმეტეს, რომ ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა და მართველი პარტია, ახალ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოხვდა (119 მანდატი 150-დან). ოპოზიციური პარტიებიდან პირველებმა ქრისტიან-დემოკრატებმა გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. განაცხადეს, რომ არ აქვთ უფლება, არ გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. მათ კვალდაკვალ, გაერთიანებულ ოპოზიციას ჩამოცილდა კიდევ ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული დასი" და „ჩვენ თვითონ", რომელთა ლიდერებიც დეპუტატები გახდნენ. თავდაცვის ექს-მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან გამოვიდნენ გიორგი თორთლაძე და გიორგი ცაგარეშვილი და მათაც მიიღეს დეპუტატის მანდატები.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ თითოეულ პოლიტიკოსს აქვს უფლება პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ შემდგომ საპარლამენტო ოპოზიციის მისამართით კრიტიკა გაძლიერდა და დღეს საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც ორი მცირერიცხოვანი ფრაქციისგან - „ქრისტიან-დემოკრატებისა" და „ძლიერი საქართველოსგან" შედგება, მმართველი პარტიის სატელიტებს და ფსევდოოპოზიციას უწოდებენ.

იმ დღეს, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და საზოგადოების თვალწინ დახიეს საკუთარი სადეპუტატო მანდატები. სწორედ მაშინ, რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ შექმნიდნენ ალტერნატიულ პარლამენტს, მაგრამ მერე საზაფხულო არდადეგები დაიწყო და ეს სურვილი განუხორციელებელი დაჩა.

მაგრამ 2008 წლის ზაფხული განსაკუთრებულად მღელვარე იყო. საქართველოს რეგიონებში სიტუაცია დღითიდღე მწვავდებოდა, დასახლებულ პუნქტებში ინტენსიური სროლა იყო, ეწყობოდა შეიარაღებული პროვოკაციები და ყველაფერმა ამან გამოიწვია, როგორც საქართველოს პრეზიდნტმა შემდეგ აღიარა, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე წესრიგის აღსადგენად, შეიარაღებული ოპერაციის დაწყება. ოპერაციის პირველ დღეებში თვითდაჯერებული და გაბედული განცხადებები ისმოდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ოპერაციების სარდალმა მამუკა ყურაშვილმა გააკეთა: საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე, კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენს. რუსეთის მხრიდან მასირებული დარტყმის შემდეგ, განცხადებების ტონი შეიცვალა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსირებასა და ღია აგრესიაში დაადანაშაულეს.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100