RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სტიქიის წნეხი აჭარაში

28.03.2013  |  12:56
სტიქიის წნეხი აჭარაში. 29211.jpeg

ორი დღე აჭარაში სტიქია მძვინვარებდა. 23 მარტს ამოვარდნილი ქარი განსაკუთრებით 24 მარტის ღამეს გაძლიერდა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები,რის შედეგადაც ქვეყნის ზოგიერთი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. და მხოლოდ შუქის აღდგენის შემდეგ ცხადი გახდა, რომ დამანგრეველი სტიქიის მასშტაბები კოლოსალურია.  

 

ყველაზე მეტად აჭარა დაზარალდა, სადაც სტიქიას მსხვერპლიც კი მოჰყვა. ბათუმის სანაპიროსა და ბულვარს მხოლოდ პალმების რაოდენობით თუ იცნობს კაცი. ქობულეთის, ურეკისა და ბათუმის მთელი სანაპირო ზოლი ზღვით მოტანილი ტალახით არის გავსებული. სტიქიის შედეგების აღმოსაფრხველად ადგილობრივი საგანგებო შტაბია შექმნილი.

ამისათვის აჭარაში 300 კაცია მობილიზებული, რომელიც, ძირითადად, სანაპირო ზოლის გაწმენდით არის დაკავებული. გუშინ რეგიონში ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იმყოფებოდა, რომელიც საგანგებოდ შექმნილ შტაბს ხელმძღვანელობს. ზარალის ოდენობა უახლოეს დროში დადგინდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძის თქმით, დღესდღეობით, მთელი საჭირო ტექნიკაა მობილიზებული, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, აღდგენილია ასევე გაზის მილები ქობულეთში. ახლა კი წყალმომარაგების პრობლემაა გადასაწყვეტი.

საგრძნოლად დაზარალდა ქვეყნის დასავლეთიც, თბილისიც, გორიც. გორში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც სტიქიური ნგრევის დეტალები უშუალოდ მოსახლეობისაგან შეიტყო. გორელებმა უამბეს, სულ რაღაც 10 წუთში როგორ ააგლიჯა ქარმა სახურავები საცხოვრებელ სახლებს, გაზისა და წყლის გარეშე დატოვა ქალაქი...

პრემიერთან ერთად, გორში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო და საჭიროების შემთხვევაში, სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც დაემატება. პრემიერმა მინისტრს დაავალა, რომ აღდგენითი სამუშაოები ყველაზე მეტად დაზიანებული სახლებიდან დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ გორში სტიქიას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძლიერი ქარი მოულოდნელად ამოვარდა და სახლებს სახურავები სულ რაღაც წუთებში ააგლიჯა. "60 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ არ მინახავს", - აცხადებს გორის მკვიდრი ზაზა ალავერდაშვილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100