RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეკომიგრანტებს უსახლკაროდ დატოვებენ?

25.04.2013  |  12:39
ეკომიგრანტებს უსახლკაროდ დატოვებენ?. 29339.jpeg

ბერძნები, რომლებმაც ოდესღაც საქართველო დატოვეს, ახლა უკან ბრუნდებიან. თუმცა, მათ სახლებში უკვე აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის მთავრობა? ვის აქვს უფრო მეტი უფლება იცხოვროს ამ სახლებში: ახლნადელ ბინადრებს - აჭარლებს, რომლებიც იქ ბედისწერის წყალობით მოხვდნენ, თუ ბერძნებს, რომელთაც 20 წლის წინ საკუთარი ნებით დათმეს სახლები?

წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში უმძიმესი ვითარება იყო, ქვეყანა უამრავმა ბერძენმა დატოვა. გამგზავრებისას ისინი აცხადებდნენ, რომ თავის ისტორიულ სამშობლოს, საბერძნეთს, უბრუნდებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, მთიანი აჭარის ნაწილში მეწყერების გახშირების გამო, მოსახლეობის ნაწილი სხვა რეგიონებში გადაასახლეს. ამ გადასახლების შედეგად, რომელმაც 1997-დან 2006 წლამდე გასტანა, რამდენიმე ათასი ოჯახი წალკაში აღმოჩნდა, სადაც სწორედ ბერძენთა მიტოვებულ სახლებში დაბინავდა.

დღეს ვითარება შეიცვალა, საბერძნეთში ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკის მნიშვნელოვანი დაცემა შეინიშნება. ამ კრიზისის შედეგად, ბერძნები კვლავ საქართველოში ბრუნდებიან. ჯერ-ჯერობით, საქმე ერთეულებთან გვაქვს, მაგრამ თუკი ეს პროცესი მასობრივ ხასიათს მიიღებს, 2000-ზე მეტი ოჯახი, რომელთა სახლებიც აჭარელი ეკომიგრანტების მიერაა დაკავებული, შეიძლება უსახლკაროდ დარჩეს.

თუმცა, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი მიიჩნევს, რომ პრობლემა თითიდანაა გამოწოვილი, ხოლო სინამდვილეში ვითარება არც ისე მძიმეა. იგი აცხადებს, რომ საქართველოდან წასული ბერძნები, ყოველწლიურად ჩამოდიან წალკაში სააღდგომოდ, დღესასწაულის შემდეგ კი ყოველთვის ბრუნდებიან უკან. მისი თქმით, ეკონომიკური კრიზის გამო საქართველოში საბერძნეთიდან სულ 3 ოჯახი დაბრუნდა.

13 აპრილს სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და დახმარების თხოვნით მთავრობას მიმართა. ამ დროისთვის წალკიდან უკვე გასახლებულია დაახლოებით 70 ოჯახი, ხოლო 10 ოჯახს ვადა აპრილის ბოლომდე აქვს.

ეკომიგრანტები და სოფელ ავრანლოს მოსახლეობა მოსალოდნელ გასახლებას ბერძნების მასობრივ დაბრუნებას უკავშირებს. "არავისთვისსაიდუმლო არაა, რომ საბერძნეთში კრიზისა და ბევრი დასარჩენად ჩამოდის. ბერძნები ბრუნდებიან კუთვნილ სახლებში, ხოლო ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ რჩებიან. რა ქნან აჭარლებმა?", - კითხულობს სოფლის რწმუნებული რამაზ ხოზრევანიძე.

"ყოველდღე ჩამოდიან ბერძნები და საკუთარი სახლების დაცლას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ბრუნდებიან და სახლები სჭირდებათ. სააღდგომოდ მათ მასობრივ დაბრუნებას ველოდებით", - მოგვითხრო სოფელ ავრანლოს მკვიდრმა ემზარ საღინაძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100