RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„გადატვირთვა“ ქართულად

16.04.2009  |  11:01

3/9/7/2397.jpegსამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ გამოაცხადა, წყნარ ამინდს უფრო ჰგავს ვიდრე შტორმს. რადიკალური ოპოზიცია ჯერჯერობით უარყოფს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ხელისუფლება დათმობებზე წასვლის მზადყოფნას აცხადებს, თუკი საუბარი არ იქნება პრეზიდენტის გადადგომაზე. საპროტესტო აქციების პირველ დღეებში ოპოზიციამ რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ განაცხადა. წინააღმდეგობის მეექვსე დღეს კი სააკაშვილმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა, თუმცა გარკვეული შენიშვნების დამატებით.

14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენი ამოცანა რუსეთთან რეალური დიალოგის მომზადებისთვის არის ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გამყარება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის განხორციელება და ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლებელია საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო მდგომარეობის დესტაბილიზაცია. ეს იქნება იმის მყარი გარანტია, რომ დავიწყოთ რეალური დიალოგი იმ უბედურების გადალახვის მიზნით, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობებში და რომელიც მდგომარეობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში".

მოკლედ, თავისი მმართველობის ხუთი ქარიშხლიანი წლის განმავლობაში რა არ უთქვამს სააკაშვილს რუსეთის თაობაზე. იყო ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ შემოთავაზებები, რის შემდეგაც პოლიტიკური გამყინვარება დადგა. აგვისტოს შემდეგაც კი სააკაშვილმა უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. „ჩვენ არ გვინდა რუსული ტანკები, მაგრამ ხელს ვუწვდით რუს ბიზნესმენებს. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო რუსული ინვესტიციებისთვის და რუსი ტურისტებისთვის",- აცხადებდა სააკაშვილი, რომელიც ახლა რუსეთს მხოლოდ „ოკუპანტს" და „აგრესორს" უწოდებს.

სააკაშვილისადმი ზიზღს არავინ მალავს. მაგრამ პოლიტიკოსების ემოციური განწყობის მიუხედავად, რუსეთი და საქართველო იყვნენ, არიან და იქნებიან მეზობლები. ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობების აწყობა.

საქართველოში კი კვლავ ალაპარაკდნენ ომზე. ჯერ საუბრობდნენ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონტიგენტის გაძლიერებაზე. შემდეგ რუსული გემებით აშინებდნენ, რომლებიც თურმე საქართველოს ნაპირებს უახლოვდებოდა. მაგრამ ამ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა ხალხი დაამშვიდა, რომ ომი არ არის მოსალოდნელი. როგორც Civil.ge იუწყება, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსული შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ბევრად აჭარბებს აგვისტოს მონაცემებს, მაგრამ ახლა ის სიტუაცია არ არის, „რომ რუსეთმა რაიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურა განახორციელოს".

სააკაშვილის ვერსიით ომი იმიტომ არ დაიწყება, რომ „ეს ყველაფერი შიდა არეულობაზე იყო გათვლილი, მაგრამ საქართველომ მოახდინა სტაბილურობის დემონსტრირება, მეორეს მხრივ, ჩვენ ახლა ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერით ვსარგებლობთ, ვიდრე გასული წლის აგვისტოში". შავი პიარის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, სააკაშვილი ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას შეეცადა - ჩრდილოელი მეზობლის კიდევ ერთხელ გამოლანძღვას და შიდა არეულობის ფონზე დასავლეთის მხარდაჭერის დემონსტრირებას".

ამერიკელ ექსპერტებს თავისებური ხედვა გააჩნიათ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გამოსდის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის განახლების შესახებ არსებული გეგმების განხორციელება, რათა ყურადღება გადაიტანოს შიდა პოლიტიკური არეულობიდან, განაცხადა ერთ-ერთმა წამყვანმა ამერიკელმა ექსპერტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოცენტმა ლინკონ მიტჩელმა. ამერიკელი ექსპერტის აზრით, სამხრეთ კავკასიაში ომის დაწყების საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც არსებობს. ამასთანავე მიტჩელმა აღნიშნა, რომ „საქართველოსა და რუსეთს შორის ახლა ისეთი ურთიერთობაა, რომ ორივე ფიქრობს როგორ გაანაწყენოს მეორე", კონფლიქტის დასაწყებად კი „რაიმე პროვოკაციაც" საკმარისია. ამ შემთხვევაში, თქვა ექსპერტმა, თუკი „რუსეთის ჯარი კიდევ რამოდენიმე კილომეტრს დაიკავებს საქართველოს ტერიტორიებისას", მაშინ „სააკაშვილის კომენტარებს რუსეთის აგრესიის შესახებ დასავლეთი განიხილავდა როგორც უდავოს". მოვლენების ასეთი განვითარება, თვლის ლინკოლნ მიტჩელი, საფრთხის ქვეშ დააყენებდა ამერიკასა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მოკლედ, რუსეთი და ამერიკა ახლა „გადატვირთვის" მდგომარეობაში იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი ამის თაობაზე იმედგაცრუებას არ ფარავს. Newsweek-თან ინტერვიუში მან განაცხადა: ხელისუფლებაში ბარაკ ობამას მოსვლამ და მისმა პრაგმატულმა პოლიტიკამ „შეიძლება გააფუჭოს ის ამერიკა, რომელსაც მე ვიცნობ", ბუშის ამერიკა, რომელშიც „იდეალიზმი ბატონობდა პრაგმატიზმზე". პრაგმატიზმი, როგორც ცნობლია, პოლიტიკაში ერთადერთი სწორი ხელმძღვანელობაა. პრაგმატიზმი კი რუსეთსა და საქართველოს კარნახობს არა კონფრონტაციას, არამედ მინიმუმ ურთიერთობების დარეგულირებას. მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით რუსულ-ქართული „გადატვირთვა" არც ისე შორსაა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილიც და მისი ოპონენტებიც, რომლებიც უარს არ იტყვიან პრეზიდენტის სავარძლის დაკავებაზე, უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვენ რუსეთთან „გადატვირთვას". თუმცა, ჯერჯერობით ოკეანის მიღმა მეგობრებისკენ ყურებით.

ირინა პტაშკოვსკაია

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100