RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვანო მერაბიშვილის გადარჩენის სასწაული

07.05.2009  |  21:42

2645.jpegმუხროვანის „აჯანყების" ჩახშობა, „გენერალთა კლუბის" თავმჯდომარის კობა კობალაძის დაპატიმრება, სამხედრო ექსპერტის ირაკლი მაისაიას „ჯაშუშური მოღვაწეობის" გამოაშკარავება - ეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ ორ დღეში ჩადენილი გმირობების არასრული სიაა. ცივილიზებული ევროპისთვის ასეთი მოვლენები გამაოგნებელია. საქართველოს პოლიტიკური სიურეალიზმი კი უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. აღმოჩნდა, რომ მაისის ამ არეულ დღეებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე ვანო მერაბიშვილზე თავდასხმაც იქნა აღკვეთილი.

„რუხი კარდინალის" სასწაულებრივი გადარჩენა, როგორც ხშირად უწოდებენ საქართველოს მთავარ პოლიციელს, მოხდა მუხროვანის აჯანყების ჩახშობისა და ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების გამოაშკარავების კონტექსტში. „გენერალთა კლუბის" წევრების დადანაშაულების შემდეგ „ჩრდილოელ მეგობრებთან" თანამშრომლობასა და „თბილისზე თავდასხმის" მომზადებაში, ყოფილმა სპეცნაზელმა გია ღვალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში დაწვრილებით ჩამოთვალა ყველა იმ ქართველი ძალოვნის გვარი, ვინც თურმე ამ არეულობაში მონაწილეობის მიღებაზე დათანხმებულა. ამბოხებულები თურმე თბილისზე აპირებდნენ წამოსვლას სადაც მათ 5000 რუსი ჯარისკაცი შეუერთდებოდა. იგეგმებოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურის განადგურება და საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება. ძველი ქართული გვარდიის გენერლები კი თურმე ამ ამბოხებულებს მეთაურობდნენ.

ასეთი „კომპრომატის" გავრცელების შემდეგ დააკავეს „გენერალთა კლუბის" თავმჯდომარე კობა კობალაძე. საუბარი იყო ასევე დავით თევზაძესა და გია ყარყარაშვილზე. ქართულმა გაზეთმა „ვერსია" 6 მაისს მოვლენების ასეთი განვითარება შემოგვთავაზა: „პოზიციას გუშინდელ დილამდე იმედი ჰქონდა, რომ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა და ამით საპროტესტი ტალღას ჩაახშობდა. თუმცა, ეს ვერსია არ გამართლდა. გვიან ღამით მას შემდეგ, რაც დააკავეს სამხედრო ჯაშუშობაში ბრალდებული სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბადრი ბიწაძის ( ნინო ბურჯანაძის მეუღლის ) დაპატიმრებაც იგეგმებოდა, რადგან ღვალაძის მიერ ჩამოთვლილ ჩინოვნიკებს ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ბიწაძის მეგობრები არიან. ხელისუფლებას ეს ყველაფერი იმისთვის დასჭირდა, რომ დაპატიმრებები გაემართლებინა. ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, შინა პატიმრობაში იქნება გენერალი გია ყარყარაშვილიც",- წერს გამოცემა.

უღირდა კი ხელისუფლებას ასეთი საშიში თამაშის წამოწყება? აჯანყების სცენარის გათამაშება მხოლოდ იმისთვის, რომ მომხდარიყო ბურჯანაძის დისკრედიტაცია და მისი მეუღლის დაკავება? თუმცა, როდესაც საუბარია ხელისუფლებაზე, კანონები და ლოგიკა დუმან. ბიწაძე კი დაკავებული ჯერჯერობით არ არის. გია ყარაყარაშვილმა საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარა და პირობა დადო, რომ წარმოადგენდა ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობდნენ მის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. „ჩემთან მოდიოდნენ აგენტები ორდერებით, რომლებიც გაცემული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, სხვადასხვა მასალებითა და ინიციატივებით. მე ეს ყველაფერი ჩაწერილი მაქვს",- ახდენს ყარყარაშვილის ციტირებას ქართული მასმედია. შეიძლება, ასეთმა ოპერატიულმა რეაქციამ გადაარჩინა ის დაგეგმილ რეპრესიებს. ვინ იცის? მაგრამ ინტრიგა კიდევ უფრო მეტად ყოფილა ჩახლართული.

იმავე საღამოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეჩერებული იქნა ვანო მერაბიშვილზე თავდასხმა და მადლობა გადაუხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, საქართველოს ოპოზიციური პარტიის წევრ გიორგი ყარყარაშვილს გაწეული დახმარებისთვის. ამის შესახებ საუბარი იყო შეტყობინებაში, რომელიც განთავსდა უწყების საიტზე. „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის საქმეში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე კობა მიქელაძე. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს",- იუწყება შსს. როგორც „საქართველოს სიახლეების" კორესპონდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუმარტა, ოპერატიული ზომები მიიღეს გიორგი ყარყარაშვილის განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ სპეცსამსახურის აგენტები მის ჩათრევას ცდილობდნენ. საქართველოს სამართალდამცავი უწყების მადლიერებაზე ოპოზიციონერს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მთელი ეს მუხროვანის შეთქმულება და მხილებების ჯაჭვი პოლიტიკურ დეტექტივს გვაგონებს, დღევანდელი საქართველოსთვის ტრადიციული მთავარი გმირებით - სააკაშვილით და მერაბიშვილით,- რომლებიც ებრძვიან წარსულის ბნელ ძალებსა და რუსეთს. ტყუილად არ გაუვლია 6 მაისს ოფიცერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტს პარალელები ორ ინციდენტს შორის - 5 მაისს მუხროვანში მომხდარსა და იმას შორის, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შევარდნაძის დროს აჯანყების მეთაურები მოქმედი ოფიცრები იყვნენ, მუხროვანის ინციდენტში დამნაშავეები კი ყოფილი სამხედრო პირები არიან, რომლებიც ჯარიდან „ვარდების რვოლუციის" შემდეგ გააგდეს. პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება აჯანყებულებთან ხანგრძლივ დიალოგს აწარმოებდა, აძლევდა მათ ხელშეუხებლობის გარანტიებს, მოგვიანებით რამდენიმე ამბოხებულმა მაღალი თანამდებობაც კი დაიკავა. „მე კი მათ მხოლოდ ერთი გარანტია მივეცი: თუკი ისინი დაგვნებდებოდნენ, ეს შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაითვლებოდა",- განაცხადა სააკაშვილმა და თან აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში კანონი და სამართლიანობა ბატონობს, ამიტომაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ძირფესვიანად იქნება აღმოფხვრილი.

ერთი სიტყვით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სცენარისტისა და პოლიტიკური შოუების დამდგმელის შესაძლებლობები, ამასთანავე მან არ გაუშვა ხელიდან იმის შეტყობინების შესაძლებლობა, რომ არ აპირებს შევარდნაძის მაგალითისთვის მიბაძვას და თავისი სკამის უბრძოლველად დათმობას.

ირინა პტაშკოვსკაია

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100