RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

როლანდ ახალაიას პირადი მძევალი

01.04.2013  |  13:04

არსებობს იმის საშიშროება, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების მმართველობის წლები  ქართული და მსოფლიო საზოგადოების მეხსიერებაში დარჩება, როგორც ციხეებში განუკითხაობის, წამებისა და პატიმრებზე ნადირობის ხანა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ერთი მეორის მიყოლებით იმ პატიმრების საჩივრები შედის, რომელთაც აღიარებითი ჩვენების მისაღებად ან, უბრალოდ, "აღმზრდელობითი პროცედურების" სახით აწამებდნენ. 

მეცხრე წელია, საქართველოს რიგითი მოქალაქე - მამუკა ზარქუა დანარჩენ მსოფლიოსაა მოწყვეტილი. იგი იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია და ამ წლების მანძილზე მან დაკარგა ჯანმრთელობა, ახლობელი ადამიანების ნდობა, ადამიანებისადმი  რწმენა. მას მხოლოდ იმედიღა შემორჩა.

2005 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესმა  სასამართლომ ზარქუას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო განაჩენში ეწერა, ის ბრალდებულია, გამოძიებისთვის უცნობ 4 პირთან ერთად, გაძარცვის მოტივით, გივი ჯანჯღავას ოჯახზე თავდასხმაში. ეს  აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში მოხდა. ძარცვის დროს სახლის უფროსი გივი ჯანჯღავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

თავად ზარქუა თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი უდანაშაულობის სწამთ არამხოლოდ ოჯახის წევრებსა და ადვოკატს, არამედ მოკლული გივი ჯანჯღავას მეუღლეს - მადონა კაჭარავასაც, რომელიც დანაშაულის უშუალო მოწმეა. იგი აცხადებს, რომ ზარქუა დანაშაულის ჩადენის დროს მის სახლში არ იმყოფებოდა. მეტიც, ქალბატონი მედეა კაჭარავას თქმით, მან იცის ნამდვილი მძარცველებისა და მისი ქმრის მკვლელის ვინაობა. არაერთხელ, უკანასკნელად კი 2012 წელს, მადონა კაჭარავამ  განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელ პროკურორ როლანდ ახალაიას მიმართა. თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ გამოუღია.

ამავდროულად, საკუთარი გამოგიძება მამუკა ზარქუამაც ჩაატარა. რის შედეგადაც, იგივე პირები გამოავლინა, რომლებსაც მადონა კაჭარავა ასახელებდა. დაზარალებული და ბრალდებული ერთხმად აცხადებენ, რომ დამნაშავეები ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან, ამიტომ მათი სახელები არ ხმაურდება.  კითხვაზე, თუ რატომ აქციეს იგი განტევების ვაცად, ზარქუას ორი პასუხი გააჩნია. პირველი - იგი ადრე უკვე იყო ნასამართლევი. მეორე - იგი ფლობს გარკვეულ ფულად თანხებს.

დღეს მამუკა ზარქუას საქმეზე  ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მუშაობს, რომელსაც  მამუკა ზარქუამ ციხიდან წერილით მიმართა. "იქიდან გამომდინარე, რომ მე 2003-2004 წლებში ნასამართლები უკვე ვიყავი, აბაშის რაიონის პროკურორი ცომაია მოსვენებას არ მაძლევდა.  იგი ხშირად თავისთან მიბარებდა და მემუქრებოდა: თუ აქ ცხოვრება გიდნა -  ფული გადაიხადეო. ერთი შეხედვით, პროკურორი ცდილობდა, არასასურველი კრიმინალური ელემენტი სოფლიდან გაესახლებინა.  სინამდვილეში კი, ცომაიამ ფულის გამოძალვის მარტივ გზას მიაგნო. მან იცოდა, რომ ჩემი ოჯახი შეძლებული იყო. თუმცა, მე გადახდაზე უარი განვაცხადე. ერთხელაც მან გამომიძახა და კატეგორიულად განმიცხადა: "მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც აქედან დიდი ხნით გაგაძევებს, ასე რომ, კარგად დაფიქრდი". შემდეგ მან კვლავ მომთხოვა ქრთამი", - იხსნებს ზარქუა.

ცომაიას უკანასკნელი გაფრთხილებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, სოფელში  ზემოთაღნიშნული დანაშაული მოხდა. ზარქუა ერთი საათის შემდეგ დააკავეს. 17 თვითმხილველი ერთხმად აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ზარქუა  სახლში იმყოფებოდა. თუმცა, სასამართლომ მათი ჩვენებები არ მიიღო და შედეგად, ზარქუა  გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

როგორც ზარქუა აცხადებს, მისი წამება პოლიციის განყოფილებაში მიყვანის წუთიდანვე დაიწყეს, იმ იმედით, რომ იგი აღიარებით ჩვენებას დაწერდა და ყველა დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებდა. იქიდან გამომდინარე, რომ მვკლელობა ვერ გაიხსნა, საქმე  მთავარ სამმართველოში გადააგზავნეს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. აქ მამუკა ზარქუა  როლანდ ახალაიას პირისპირ პირველად შეხვდა.

"ციხეში როლანდ ახალაიამ მომინახულა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულს საკუთარ თავზე ავიღებდი, მინიმალურ ვადას მომისჯიდნენ. მას შემდეგ, რაც ამაზე უარი განვაცხადე, ახალაიამ მიპასუხა, რომ ჩემს ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევდა", - ჰყვება მამუკა ზარქუა.

ასე რომ, უზენაესმა სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9 წლის მანძილზე ძალოვან სტრუქტურებში, პარლამენტსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მან არაერთხელ გადააგზავნა წერილები. თუმცა, პასუხი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ იგი რამდენჯერმე გადაუყვანიათ სხვადასხვა დაწესებულებაში.

"2006 წლის 26 მარტს მე გადამიყვანეს ქუთაისის სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მაშინვე სასტიკად მცემეს. წინა დღეს  შეხვედრა მქონდა ჩემს მეუღლესთან, რომლის დროსაც ოთახში შემოცვივდნენ სპეცნაზელები, შეურაცმყოფა მომაყენეს და რამდენჯერმე დამარტყეს. შემდეგ კი ქუთაისის ციხეში გადამიყვანეს", - იხსენებს მამუკა ზარქუა. იგი აცხადებს, რომ ყველაფერი როლანდ ახალაისთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100