RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე

13.05.2013  |  11:06

საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი "ქართული ოცნებიდან" მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ. 

პერსპექტივები ქართველმა ემიგრანტებმაც დაინახეს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბევრს ისევ სამშობლოსკენ მიუწევდა გული. მაგრამ დარჩებიან კი ისინი საქართველოში?

იაკობი იმ მრავალ ქართველთაგან ერთი -ერთია, ვინც წლების წინ ქვეყანა დატოვა. კარგი განათლების მიღების სურვილის, ახალგაზრდული ამბიციებისა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის საძებნელად იგი გერმანიაში გაემგზავრა.

"პირველად გერმანიაში "AU-PIAR"-ის სასწავლო პროგრამით წავედი. თითქმის მაშინვე მუშაობა დავიწყე, რადგანაც ვერავის იმედი ვერ მექნებოდა. მუშაობისა და სწავლის შეთავსება მიწევდა. დღისით ლექციებზე დავდიოდი, ღამ-ღამობით კი, 12-დან დილის 6 საათამდე, McDonalds-ის რესტორნებში გაზ-ქურებს ვხეხავდი. დილით ყველაფერი გაკრიალებული უნდა ყოფილიყო. ძალიან ცოტა მეძინა- დღეღამეში 2-3 საათი. ბოლო- ბოლო, ფულის ნაცვლად, ნევროზი ავიკიდე. საქართველოში 10 წელიწადში დავბრუნდი. მეგობრები და ნაცნობები ჩემმა გადაწყვეტილებამ გააკვირვა. ყველა ერთხმად მირჩევდა, უკან დავბრუნებულიყავი, რადგანაც აქ სამსახური ვერა და ვერ ვიშოვე. თანაც საყოველთაო ბიუროკრატიულობა მაგიჟებდა. შედეგად, ისევ გერმანიაში მომიწია დაბრუნება, გაზქურებთან. ცოტა ხნის წინ ისევ ჩამოვედი, ოღონდ ამჯერად დიდი იმედებით. თუკი ისევ არაფერი შეიცვლება, უკვე სამუდამოდ წავალ. შევნიშნე, რომ მხოლოდ არასამთავრობო სტრუქტურები მუშაობენ, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია", - სიმწრით ჰყვება იაკობი.

"როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, შვებით ამოვისუნთქეთ. გვეგონა, სახლში დავბრუნდებით, სამსახურს ვიშოვით და ნორმალურად ვიცხოვრებთ. თუმცა, მთავრობამ გაუსაძლისი პირობები შექმნა, ამიტომ ჯერ უკეთესია, მდგომარეობას დავაკვირდე. არჩევანის გაკეთება კი ყოველთვის შემეძლება", -აცხადებს ბრიუსელში მცხოვრები ლერი ფხაკაძე.

იაკობისა და ლერის შემთხვევები გამონაკლისი არ არის. გამონაკლისს ისინი წარმოადგენენ, ვინც უცხო ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრება მოახერხეს. საყოველთაო გლობალიზაციის ეპოქაში, საერთაშორისო მიგრაცია სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ეს საქართველოზეც ვრცელდება. რთული სათქმელია, რამდენმა ქართველმა დატოვა ქვეყანა ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე. ბევრი წავიდა ბედნიერების ან სამსახურის საძიებლად, ზოგი კი, უბრალოდ, გადარჩენას ცდილობდა. რამდენი ქართველია ახლა უცხოეთში გადაკარგული? ამის დადგენა ე.წ. არაელეგალების სტატისტიკის უზუსტობის გამო შეუძლებელია. მაგრამ საქმე სხვა რამეშია - ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

ჯერ-ჯერობით, უცხოური საბანკო გადარიცხვების რაოდენობა ემიგრაციის ზრდაზე მეტყველებს. წლების მანძილზე მხოლოდ მიგრაციული პროცესების გამომწვევი მიზეზი შეიცვალა. თუკი 20-ე საუკუნეში მიზეზი ეთნოკონფლიქტები იყო, 21-ე საუკუნეში წინა პლანზე უმუშევრობის პრობლემამ წამოიწია.

სამწუხაროდ, ახალი ქართული მთავრობა, რომელიც წინა ხელისუფლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული უამრავი პრობლემის მოგვარებას ცდილობს, დაბრუნებულ ემიგრანტებს ჯერ ვერაფრით ეხმარება. მასობრივი უმუშევრობის პირობებში ჩამოსულ ხალხს უჭირს შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნა, ამიტომ ბევრი დაბრუნებისთანავე ისევ წასვლაზე ფიქრობს.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ საკუთარ თავზე ასევე მიგრაციული საკითხის დარეგულირების ვალდებულებაც აიღო. ამასთან, დაკავშირებით ევროკავშირმა საქართველო არაერთხელ დააფინანსა. უაკანასკნელად ეს იყო სამთავრობო მიგრაციული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის ცენტრის" ერთობლივი პროექტი, რომელმაც 11 სახელმწიფო გააერთიანა. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობას იღებდნენ იუსტიციისა და დევნილთა სამინისტროები.

პროექტის ფარგლებში, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრენინგები ჩატარდა, სადაც ხალხს მიგრაციის შესაებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამ ტრენინგებმა საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება ჰპოვეს. "ჩვენი მიზანია, გავაცნოთ საზოგადოებიობას ის პრობლემები, რომლებიც საზღვარგარეთ გადასახლებითაა განპირობებული. ადამიანები ფიქრობენ, რომ იქ მარტივი ცხოვრება ელით, რაც დიდი შეცდომაა. ლეგალურად წასულებსაც კი უჭირთ იქ დამკვიდრება, არალეგალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც ტრანზიტული ქვეყანა, - ამბობს "მიგრაციის ცენტრის" დამაარსებელი, გიორგი გოგიშვილი. - საქართველოს გავლით (სავიზო რეჟიმის არარსებობის გამო) ადვილია თურქეთში მოხვედრა, იქიდან კი - ბულგარეთში და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენი კანომდებლობა უცხოელების მიმართ ლიბერალურია".

არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმ პირთა შესახებ, ვინც საქართველო დატოვეს. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მიგრაციის კვლევის ცენტრის არასამთვრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მირიან ტუხაშვილი თქმით, ყოველი მეოთე ოჯახის წევრი მიდის უცხოეთში სამსახურის საძებნელად. ეს კი, დაახლოებით, 1300300 კაცია.

უცხოეთში მყოფი ქართველები, ძირითადად, ფიზიკური შრომით არიან დაკავებულნი. ქალები უვლიან მოხუცებსა და ბავშვებს, მუშაობენ მოახლეებად, მამაკაცები კი მშენებლობებსა და პლანტაციებზე საქმდებიან.

ნატო ველია   


 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100