RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ

23.05.2013  |  13:32

საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს. 

საქართველოში ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განხილვა კვლავ დაიწყო. საუბარია 650 მეგავატის სიმძლავრის ჰესზე, რომლის მშენებლობაც სახელმწიფოს მილიონები დაუჯდება. პროექტის წინააღმდეგ, როგორც ყოველთვის, გარემოს დამცველები გამოდიან. მათ მიმდებარე რაიონების მოსახლეობა უერთდება. "ხუდონი ჰესის" პროექტის შემთხვევაში 300 ოჯახს გადასახლება ემუქრება, რამდენიმე სოფელი კი შეიძლება ენგურმა დატბოროს.

მთიან სვანეთში დღემდე ძველი ადათ-წესები მოქმედებს. ხატზე ფიცი ყოველგვარ სამართლებრივ ნორმაზე მაღლა დგას. უკვე მრავალი ათწლეულია, სვანებს ასეთი მასშტაბით ფიცი არ დაუდიათ. საქართველოში ყველამ იცის: თუ სვანმა ხატზე დაიფიცა, ის მოკვდება, მაგრამ დაფიცებულს შეასრულებს.

ადგილობრივები სოფელ ხაიშს სვანეთის კარიბჭეს უწოდებენ. ისინი შიშობენ, რომ "ხუდონ- ჰესის" მშენებლობა ამ სიმბოლურ კარიბჭეს ჩვეულებრივ წყალგამყოფად აქცევს. არსებობს იმის საშიშროება, რომ თავად ტაძარი, სადაც სვანები ცოტა ხნის წინ ხატზე დებდნენ ფიცს, და ახლომდებარე სასაფლაო დატბორილი იქნება.

სოფელ ხაიშის მკვიდრებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელიც ამ დღეებში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უნდა შეხვდეს. მათ აქვთ წინადადებება - მასშტაბურ სადგურებს მიკროჰესები უნდა ჩაენაცვლოს.

რაც შეეხება მთავრობას, ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მას კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იგი ექსპერტების შეფასებასა და სამშენებლო კომპანიის გეგმას ელოდება. იქამდე ხაიშელთა ბედი გაურკვეველი რჩება.

ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ელოშვილმა ამ დღეებში განაცხადა: " ხუდონ- ჰესის" მშენებლობის ინიციატივა ჩვენგან არ მოდის. ამ თემაზე საუბარი უკვე 30 წელია მიდის, სამუშაოებიც კი დაწყებული იყო. ვფიქრობ, მოსახლეობას დაღლილობის სინდრომი აქვს, მას გაურკვევლობა აწუხებს. ხალხს სურს იცოდეს, ბოლო-ბოლო აშენდება ეს სადგური თუ არა, - აცხადებს ენერგიტიკის მინისტრის მოადგილე. - სვანებისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და იმაზე ფიქრი, რა მოელის მათ რეგიონს. რა თქმა უნდა, გარემოზე ზემოქმედებასთან ერთად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სოციალურ გარემოზე ზეგავლენაც უნდა იყოს გათვალისწინებული. ყველა მოსახლეს, ვისაც ტერიტორიიდან გასასახლება მოუწევს, არა მხოლოდ კომპენსაციას გადაუხდიან, არამედ ზარალსაც მთლიანად აუნაზღაურებენ".

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ, "როგორც კი "ხუდონ-ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახელმიწიფო მას აუცილებლად გაახმოვანებს".

ნატო ველია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100