RSS
на русском en in english
20.08.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული ოპოზიციის განიარაღების ოპერაცია

30.03.2009  |  10:06

1/6/9/2169.jpegქართულ ოპოზიციაში რეპრესიებზე ალაპარაკდნენ. ასე შეაფასეს ბურჯანაძის პარტიის წევრების დაპატიმრება, რომლებსაც პოლიცია იარაღის შესყიდვაში ადანაშაულებს. პარტიის ისანი-სამგორის ოფისი, სადაც მიმდინარეობდა ერთ-ერთი გადაღება, დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საიდუმლო მოლაპარაკებების ვიდეოჩანაწერები გაავრცელა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა თავისი დანაშაული. მოახერხა თუ არა სააკაშვილმა დასახული მიზნის მიღწევა, თუკი მისი ერთ-ერთი პრეტენდენტი - ნინო ბურჯანაძე - ფაქტიურად დისკრედიტირებულია საზოგადოების თვალში და გამოეთიშა საპრეზიდენტო რბოლას?

თავად ნინო ბურჯანაძე არ ნებდება. იარაღის სკანდალის შემდეგ ის შეხვდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მეთიუ ბრაიზას და საქართველოში ამერიკის ელჩს ჯონ ტეფტს. ბურჯანაძემ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოაცხადა. ამასთანავე ის უარყოფს ერთ-ერთი დაკავებულის - როინ ბუღაშვილის - კავშირს მის პარტიასთან. „როინ ბუღაშვილს პარტიაში არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, მას არ იცნობს პარტიის არც ერთი სრულუფლებიანი წევრი",- აცხადებს ბურჯანაძე. კიდევ ერთმა დაკავებულმა - „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა გიორგი ცერცვაძემ - ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. სხვები ამას უარყოფენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ყველა ეს „ჯაშუშური ვნება" საზოგადოებას აფორიაქებს. „ყველა მათგანი კარგია: ისინიც, ვინც ხელისუფლებაშია, და ისინიც, ვინც მისკენ მიისწრაფის",- ზუსტად ასე აღწერენ ყველაზე ხშირად თბილისში შექმნილ სიტუაციას.

საქართველოში არ წყდება ჭორები: შეთითხნილია თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოჩანაწერები. ინფორმაციულ-შემეცნებითი სამსახურის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა სააგენტო „მედიანიუსს" განუცხადა: „მე თვითონ გავხდი მონტაჟის მსვერპლი, როდესაც ჩემი საუბარი ემზარ კვიციანთან 2006 წელს კუსტარულად დაამუშავეს. რაც შეეხება 23-24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, ვიტყვი, რომ თანამედროვე აპარატურისთვის არაფერია შეუძლებელი. მიკვირს, რომ დამოუკიდებელ ექპერტიზას ითხოვს ზოგი. ალბათ, არ იციან, რომ საქართველოში ასეთი რამ არ არსებობს". რეჟისორი გიორგი შენგელაია კი სხვა აზრზე დგას: „აბსურდულია იმის ფიქრი, რომ ვიდეოჩანაწერები ყალბია. როგორც პროფესიონალმა რეჟისორმა, შემიძლია განვაცხადო, რომ ეს მასალები ნამდვილია. ბურჯანაძეს ნდობის დასაბრუნებლად ისღა დარჩენია, რომ ამტკიცოს, თითქოს ვიდეოფირზე ნაჩვენები ხალხი მისი პარტიის წევრები არ არიან".

კამათი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. საბოლოოდ ყველა მაინც თავის აზრზე დარჩება. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლებამ დასახულ მიზანს მიაღწია. ნინო ბურჟანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის პარტიებმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს. რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი გარემოების გარკვევა მოგველის. თუმცა ხალხი დაიბნა. დაიტანჯნენ ქართველები - 90-ანების საახალწლო დღეებშიც, როდესაც შევარდნაძე ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა; აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ომების დროსაც; 2008 წლის აგვისტოშიც. იარაღის ჟღარუნით საქართველოში უკვე ვერავის გააკვირვებ. თუმცა ქართული საზოგადოების გულში უკვე მომწიფდა ნებისმიერი სამხედრო წინააღმდეგობის ზიზღი.

გამოდის, რომ მასობრივ აქციებამდე სააკაშვილმა თავისი ადგილის ორი პრეტენდენტი უპრობლემოდ გაანეიტრალა. მაგრამ ოპოზიცია თავს მაინც არ ხრის და აცხადებს, რომ არ აპირებს საპროტესტო ღონისძიების გადადებას. სადამდე მიგვიყვანს ეს? ექსპერტი მამუკა არეშიძე მიდის დასკვნამდე: „ეს (შსს-ს მიერ ვიდეოჩანაწერების ჩვენება) ამორალური ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან და პირდაპირ ემსახურება ოპოზიციის დისკრედიტაციას. ეჭვი მაქვს, რომ მთავრობა მიზანს მიაღწევს. იმიტომ რომ ხალხს ინფორმაცია არ გააჩნია. ის მხოლოდ ტელევიზიის იმედზეა და ეს განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობას ეხება. ის კადრებიც, რომლებიც აჩვენეს, საზოგადოებაში ოპოზიციის უნდობლობას გამოიწვევს. ხალხი საპროტესტო აქციის დროს ოპოზიციის რიგებში ჩადგომის სურვილს დაკარგავს. ფაქტია, რომ კადრებში ჩანს უსაფუძვლო ტრაბახი და მეტიჩრობა. მასზე ასახული ხალხი შეგზავნილი და პროვოკატორია. ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ საზოგადოების აქტივობას ეკლო".

არც ისე დიდი ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი The New York Times-ს გამოუტყდა: „მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ამ მთავრობას 3 თვეში დავანგრევდი. მე ვიცი როგორ, მაგრამ არ მინდა მათ ეს ვასწავლო". როგორც ჩანს, სააკაშვილმა ისიც იცის , თუ როგორ დაანგრიოს ოპოზიცია. ახლანდელი „ჯაშუშური ისტორიის" შედეგად ხელისუფლებამ კიდევ ერთი კოზირი გამოიყენა: კონფრონტაციისა და საზოგადოების დაშინების ფონზე მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციას დიალოგისკენ. 25 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ამერიკაში ვიზიტით იმყოფება, მიმართა მოქალაქეებს ტელევიზიის მეშვეობით: „სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა ყოველთვის დიალოგია. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის არა რიტორიკულად, არამედ კონკრეტული ნაბიჯების სახით".

ქართველი ექსპერტებიც კი არ რისკავენ იმის პროგნოზირებას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ფიქრობენ, რომ ახლანდელი „გარჩევების" შემდეგ ვიღაც უარს იტყვის გაზაფხულის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებაზე. ხოლო ის, ვინც მოვა, ხელისუფლების მიმართ უფრო აგრესიულად იქნება განწყობილი. თუმცა ხელისუფლებამაც მოიმარაგა გამართლებები საკუთარი ქმედებებისთვის: ჩვენ დიალოგს ვთავაზობდით და ოპოზიციამ კი უარი გვითხრა, ამიტომაც ძალის გამოყენება გამართლებული იქნებაო. ყოველი შემთხვევისთვის პარლამენტის შენობის ფანჯრებს რკინის რიკულებს უკეთებენ.

ირინა პტაშკოვსკაია

სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები 15 მარტს თბილისში შეიკრიბნენ შოთა რუსთაველის ძეგლთან ლოზუნგებით: „მიშა წადი - მომავალო უფრო ფრთხილად იყავი".

ფოტო: ინტერპრესნიუსი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100