RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

შეწყალება ბიზნესისთვის არ ნიშნავს შეწყალებას ხელისუფლებისთვის

02.04.2009  |  15:05

2/2/9/2229.jpegუკვე დადგა ავბედითი აპრილი დაგეგმილი საპროტესტო აქციებით. ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ წასვლით არ წავა, ეკონომიკური საკითხების განხილვაზე კი თანახმაა. ალბათ, სწორედ ამიტომ ალაპარაკდნენ ბიზნესმენები ბოლო დღეებში ფინანსური ამნისტიის აუცილებლობაზე. გასული წლების ვალებზე ორიენტირება, როგორც ბევრი თვლის, მხოლოდ აფერხებს ბიზნესს კრიზისის პირობებში. შეიწყალებს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება ბიზნესმენებს?

ამჯერად ინიციატივა გამოიჩინა ოპოზიციური „ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. „მათი უფლებები, ვინც უდანაშაულოდ დაზარალდა, უნდა აღდგეს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ეკონომიკური ამნისტია",- განუცხადა მან გამოცემას „კვირის პალიტრა". დროთა განმავლობაში ამ იდეამ უფრო გამოკვეთილი ფორმა მიიღო. ახლახან კი ბიზნესმენებმა წარმოადგინეს აუცილებელი ეკონომიკური და ფინანსური ამნისტიის თავისებური ხედვა.

კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ შეატყობინა რადიო „კომერსანტს" , მან საქართველოს პრეზიდენტსაც კი გაუგზავნა წერილი, რათა ეს უკანასკნელი საქმის კურსში შეეყვანა. „დღესდღეობით ბიზნესი იმ ვალებს იხდის, რომლებიც 2004 წლამდე დაგროვდა. საქმე სასამართლოში იყო გაგზავნილი. საინტერესოა, რომ ეს თანხა არ არის ასახული ბიუჯეტში. ბიუჯეტი რეალურად არაფერს კარგავს. პირიქით, ეს იქნება ბიზნესში ჩადებული დიდი ინვესტიცია. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამნისტიის გამოცხადება",- აცხადებს ჭყონია. კოლეგას მხარი დაუჭირა კომპანია „ყაზბეგის" ხელმძღვანელმა, პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ. კომპანიის „ტოიოტა ცენტრი კავკასია" დირექტორი ირაკლი გურჩიანიც ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში „კომპანიები მიმართავენ გათავისუფლებულ თანხებს განვითარებისკენ და სამუშაო ადგილების შემცირების ნაცვლად უზრუნველყოფენ ხალხს სამსახურით".

ხელისუფლება დიდხანს არ ახდენდა რეაგირებას ამ წინადადებებზე, ბიზნესის საქმეებს სამომავლოდ ინახავდა, პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირების მოლოდინში. თუმცა არ ავიწყდებოდა იმის ხაზგასმა, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია, თურმე, ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, რომელსაც ისედაც ცუდად აქვს საქმე კრიზისის პირობებში. ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია აცხადებდა: „აქციის მოლოდინმა უკვე თავისთავად შექმნა პრობლემები". აქამდე სიტუაცია ისე ვითარდებოდა, რომ ეკონომიკური ამნისტია სავარაუდოდ გამოცხადდება. თუმცა ხელისუფლება ჯერ არ არის მზად დათმობებზე წასასვლელად. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა „პოლიტიკური და ბიზნეს-სფეროს შეფასება, საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი. მისი გადაწყვეტა ასეთი ადვილი არ არის".

უადგილო არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ იმ დროს, როდესაც ბიზნესმენები ამნისტიას მოითხოვენ დაჟინებით, ხელისუფლებას აუქციონზე გამოაქვს ორი ქართველი ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის და გოჩა ძასოხოვის, ქონება. თანაც გაუგებარია: ასეთი ხვედრი მათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოტივებით ხვდათ წილად? (ორივე ბიზნესმენმა მას შემდეგ დატოვა საქართველო, რაც სააკაშვილის კრიტიკით გამოვიდნენ ,საპასუხოდ კი დადანაშაულებულები აღმოჩნდნენ ვალების გადაუხდელობაში, მიტაცებაში და თაღლითობაში).

სააკაშვილის ხელისუფლება კარგად იცნობს ეკონომიკურ ამნისტიას. ის ჩაატარეს „ვარდების რევოლუციის" გამარჯვების შემდეგ. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები დააპატიმრეს. ისინი მხოლოდ „სახელმწიფო ბიუჯეტისადმი ნებაყოფლობითი შესაწირის" შემდეგ გამოუშვეს. შეიძლება, სწორედ ამიტომაც ჩაიშალა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მაშინდელი ამნისტია. გვახსენდება სააკაშვილის სიტყვები: „თუკი იტყვიან, რომ მათ აქვთ ერთი მილიონი, მაშინ ბიუჯეტს ამ თანხის 1 პროცენტს გადაუხდიან. თუკი იტყვიან, რომ 10 მილიონი აქვთ, შესაბამისად, 10 მილიონის 1 პროცენტს გადაიხდიან". თუმცა არავინ მისულა, არაფერი განუცხადებია და არანაირი თანხა არ გადაუხდია ბიუჯეტისთვის.

საჭიროა თუ არა უიღბლო გამოცდილების გამეორება? დაეხმარება თუ არა ბიზნესს ამნისტია კრიზისის პირობებში? და დაბრუნდებიან თუ არა ის ბიზნესმენები საქართველოში, რომლებმაც 2003 წლის შემდეგ ცხოვრება უფრო მშვიდ ქვეყნებში ამჯობინეს? ამ კითხვებზე ჩვენს კორესპონდენტს ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა ნიკო ორველაშვილმა უპასუხა: „ფინანსური ამნისტია ახლა არავის უშველის. მას იმ ქვეყანაში შეუძლია დივიდენდების მოტანა, სადაც არსებობს თანასწორობა კანონის წინაშე. ჩვენთან კი ზოგ ბიზნესმენს ხუთი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ და მათ მაინც ვალები აქვთ დარჩენილი. ნომეკლატურულმა ბიზნესმენებმა კი გაზარდეს თავიანთი კაპიტალი სახელმწიფო ბიუჯეტი ხარჯზე, მაგრამ მათაც აქვთ დარჩენილი გასული წლების ვალები. გამოდის, რომ ამნისტია ვალებს მოაშორებს ორივეს". ორველაშვილი თვლის, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ინიციატივის გატარებისთვის აუცილებელია ჯერ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს, რადგან ვერ შეძლო ვერც ერთ არსებულ პრობლემასთან გამკლავება.

ანალიტიკოსის აზრით, ამნისტიის გამოცხადების შემთხვევაშიც კი, საქართველოში მაინც არ დაბრუნდებიან ბიზნესმენები. მათ წინააღმდეგ არა მხოლოდ ფინანსური გარჩევები, არამედ სისხლის სამართლის საქმეებიც არის აღძრული. წინა ამნისტიის მაგალითმა კი დაგვანახა: ის არ შეეხო მათ, ვის წინააღმდეგაც უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და დაწყებული იყო დოკუმენტურად დაუმტკიცებელი ქონების კონფისკაცია. „სააკაშვილს შეუძლია პირადი შეხედულების მიხედვით წაართვას ადამიანს ბიზნესი და ქონება. რომელ კაპიტალის დაბრუნებაზე და ინვესტიციებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?". საუბრის ბოლოს ნიკო ორველაშვილი აღნიშნავს: „რა თქმა უნდა, შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ხელს არ უწყობს ბიზნეს-სფეროს განვითარებას. მაგრამ, თუკი ახლანდელი ხელისუფლება არ გადადგება, საქართველო ,როგორც სახელმწიფო, ყოველგვარი პერსპექტივების გარეშე დარჩება. ბიზნესზე საუბარი კი უბრალოდ სასაცილო იქნება".

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100